ტაჯიკი ოპოზიციონერები მთავრობას ადანაშაულებენ ციხეში ამბოხებაზე სიმართლის დამალვაში
ტაჯიკეთში აკრძალული ოპოზიციური „ისლამური აღორძინების პარტია“ ხელისუფლებას ადანაშაულებს ციხეში 19 მაისის ამბოხებაზე სიმართლის დამალვაში.
ოფიციალური ინფორმაციით, დუშანბესთან მდებარე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში არეულობისას დაიღუპა 32 ადამიანი, მათ შორის „ისლამური აღორძინების პარტიის“ სამი წევრი.
მაგრამ „ისლამური აღორძინების პარტიამ“ 20 მაისს განაცხადა, რომ მისი წყაროების თანახმად, დაღუპულების რიცხვი სინამდვილეში გაცილებით მეტია. ეს პარტია მნიშვნელოვანი ოპოზიციური ძალა იყო, სანამ მას მთავრობა 2015 წელს აკრძალავდა, რაც ბევრს მიაჩნია გაუმართლებელ და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად.
ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ციხის სამი მცველი და 29 პატიმარი დაიღუპნენ არეულობისას დუშანბეს აღმოსავლეთით 15-მდე კილომეტრში, ვადატის რაიონში მდებარე კოლონიაში.
სამინისტროს თანახმად, მოკლულ პატიმრებს შორის იყო ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ 17 წევრი. დამოუკიდებელი წყაროები ვერ ამოწმებენ ამ ცნობას.