ივა ყურშუბაძე: მემუქრებიან, რომ გეი ვარ და მომკლავენ
„ნათესავები მემუქრებიან, რომ გეი ვარ და მომკლავენ...ოთხი დღეა სახლიდან გასვლის მეშინია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბათუმის მკვიდრი, სამოქალაქო აქტივისტი ივა ყურშუბაძე. მის მიმართ მუქარა მოჰყვა ჰომოფობიასთან ბრძოლასა და ადამიანების თანასწორობაზე საუბარს 17 მაისს, „აჭარის ტელევიზიის“ გადაცემა „ჰეშთეგში“.
ის ამბობს, რომ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, სოფელ ჩაისუბანში მარტო მცხოვრებ მის 86 წლის ბებიას ნათესავები მოსვენებას არ აძლევენ და შვილიშვილის ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან.
„ბებიას ეუბნებიან, გვარის შემარცხვენელია და უნდა მოვკლათო... მისი თავით ფეხბურთს ვითამაშებთო... თანაც, ჯერ გვარი გამოიცვალოსო და ისე მოვკლავთო... სულ შიში მაქვს, რომ შეიძლება მართლა მომკლან და ეს ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს... ეს არის საშინელაბა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ივა ყურშუბაძე.
ის იძულებულია, რომ გადაადგილების შესახებ ყოველ ჯერზე საგანგებოდ აცნობოს ადვოკატსა და უფლებადამცველებს - "რამე რომ დამემართოს, იცოდნენ, სად და როგორ მომძებნონ".
ივა ყურშუბაძის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. 22 მაისს მათ საჩივრით მიმართეს პროკურატურას. პირველი გამოკითხვა, წინასწარი ინფორმაციით, 23 მაისს 11:00 საათზე უნდა ჩატარდეს.
ივა ამბობს, რომ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყურადღებისა და მხარდაჭერის ნებისმიერი გამოვლინება.
ივა საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ბებია მხარს უჭერს და მზად არის მასთან ერთად ბრძოლისთვის - "ბებია მზად არის, რომ შესაბამისი ჩვენება მისცეს გამოძიებას და წამომყვეს სამართლებრივ ბრძოლაში".
'"არ შეშინდეთ, არასდროს შეწვიტოთ ბრძოლა თავისუფლებისთვის, კარგი ცხოვრებისთვის, ყველაფერი არის მოგვარებადი და გადალახვადი. ''ჩვენ გადავცურავთ ზღვას'' აუცილებლად, ამას ვერაფერი შეაჩერებს'', - თქვა სამოქალაქო აქტივისტმა, ივა ყურშუბაძემ „აჭარის ტელევიზიის“ გადაცემა „ჰეშთეგში“ 17 მაისს, როცა მსოფლიო ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავდა.