ანდრია ჯაღმაიძე: დავით გარეჯთან ახლოს აზერბაიჯანი გზის მშენებლობას აგრძელებს
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან გზის გაყვანის სამუშაოები კვლავაც გრძელდება, - ამ ინფორმაციას ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ავრცელებს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. მისი განცხადებით, ოპტიმისტური მოლოდინი არ გამართლდა და აზერბაიჯანულმა მხარემ მძიმე ტექნიკის რაოდენობაც გაზარდა.
„გუშინ გაჩნდა მოლოდინი, რომ სამუშაოები შეწყდებოდა, დღევანდელი ინფორმაციით აზერბაიჯანის მხარემ გზის გაყვანის სამუშაოები არ შეწყვიტა… შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ მოლოდინები დავითგარეჯას მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა რეალური. დილიდან გრძელდება კლდოვანი საფარის ნგრევა, მძიმე ტექნიკა, გაყვანის ნაცვლად, დაამატეს“, - წერს დეკანოზი.
24 მაისს ანდრია ჯაღმაიძე აცხადებდა, რომ აქვს ინფორმაცია ჩიჩხიტურის მონასტრისკენ გზის გაყვანის სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
„ამ წუთას შემატყობინეს, რომ აზერბაიჯანის მხარესთან გამართული დიალოგის შედეგად შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ჩიჩხიტურის მიმართულებით გზის გაყვანის სამუშაოები შეწყვეტილია. ამგვარად უნდა ველოდოთ, რომ დილიდან აზერბაიჯანის მხარე გზის სამშენებლო ტექნიკას სრულად გაიყვანს ტერიტორიიდან“, - წერდა დეკანოზი 24 მაისს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ვითარებას არკვევენ და ინფორმაციას აზუსტებენ.
დავით გარეჯის ტერიტორიას აზერბაიჯანელი და ქართველი ექსპერტები ერთობლივად დაათვალიერებენ - ასეთია საზღვრის სადელიმიტაციო ერთობლივი კომისიის მორიგ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება. საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მე-12 სხდომა 2019 წლის 23-24 მაისს ბაქოში გაიმართა.