რუსეთში აშშ-ის ელჩი ბოიკოტს უცხადებს სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმს
რუსეთში აშშ-ის ელჩი მაიკლ ჰანტსმენი არ დაესწრება სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმს ამერიკელი ინვესტორის, მაიკლ კალვის პატიმრობის გამო პროტესტის ნიშნად.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მომავალი თვის ფორუმზე არც საელჩოს სხვა თანამშრომლებს გააგზავნიან.
ყოველწლიურ ფორუმზე რუსეთში ინვესტირების საკითხებს განიხილავენ.
მაიკლ კალვი, რომელიც საინვესტიციო ფონდ Baring Vostok-ის დამფუძნებელია, 15 თებერვალს დააკავეს. გამოძიების ვერსიის თანახმად, მან შექმნა თაღლითური სქემა ბანკ „ვოსტოჩნიდან“ 2,5 მილიარდი რუბლის მისათვისებლად. კალვი ამ ბრალდებებს უარყოფს.
Baring Vostok-ი არის უმსხვილესი ფონდი, რომელიც ინვესტიციებს ახლორციელებს რუსეთის საინტერნეტო ბიზნესში. ის მონაწილეობდა რუსეთის წარმატებული საინტერნეტო სტარტაპების უდიდესი ნაწილის დაფინანსებაში.