ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე მსოფლიოს თასზე ჩემპიონი გახდა
პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე მსოფლიოს თასზე, ნიჩბოსნობაში 200 მეტრ დისტანციაზე გათამაშდა მედლები და პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ზაზა ნადირაძე ავიდა.
25 წლის ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში დისტანცია 39,921 წამში დაფარა და ფინალში პირველი შედეგით შევიდა. გადამწყვეტ გაცურვაში კი შედეგი ლამის ერთი წამით გააუმჯობესა, 39.191 წამი დააფიქსირა და ჩემპიონი გახდა. ვერცხლის მედალს ყაზახი ტიმურ ხაიდაროვი დაეუფლა (39.743). ბრინჯაოს – ბელარუსი არტიომ კოზიარი (39.819).
მსოფლიოს თასის შემდგომ ეტაპს გერმანიის ქალაქი დუისბურგი უმასპინძლებს, 31 მაისიდან 2 ივნისამდე.