მე-13 დღე: აქციაზე გამოცხადდა სამომავლო გეგმები
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ განახლდა საპროტესტო აქცია, რომელიც უკვე მე-13 დღეს ითვლის. აქციების ბოლო შეუსრულებელ მოთხოვნად - შს მინისტრის გადადგომა რჩება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გიორგი გახარიამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 20-21 ივნისის აქციის სასტიკი მეთოდებით დაშლის გამო.
„შეგვისრულეთ ჩვენი მესამე მოთხოვნა და შეწყდება თქვენი რეიტინგის თავდაღმართში სიარული. ყოველი მომდევნო დღე არის კიდევ ერთი გილი თქვენს კარში. თქვენ ახსნა გიწევთ საერთაშორისო საზოგადოებასთან, საერთაშორისო მედიასთან, თავის მართლება გიწევთ ყველგან... ჩვენ აქციებს მოგიწყობთ ყველგან, გამოგყვებით ყველგან... შეგაწუხებთ, ყოველდღე შეგაწუხებთ“, - მიმართა ხელისუფლებას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა.
აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ხუთშაბათს (4 ივლისი) პარლამენტის შენობის წინ გაიმართება გრანდიოზული კონცერტი, ხოლო შაბათისთვის (6 ივლისი) იგეგმება მასშტაბური მსვლელობა. შემდეგი კვირიდან კი, პარლამენტის შენობის წინ „მუდმივი სამუშაო სივრცე“ მოეწყობა.
„სხვადასხვა წვრილ-წვრილი კომპანია თავიანთი დეპარტამენტების რაღაც ნაწილებს გადმოიტანენ აქ, გავაკეთებთ დიდ ტენტს და მოვაწყობთ ე.წ. თანასამუშაო სივრცეს და გავაკეთებთ იმას, რაც საუკეთესოდ ვიცით - პროჯექთ მენეჯმენტს. შევქმნით ერთ დიდ ავტონომიურ პროექტს - აქ იქნება ბევრი ხალხი და იმუშავებს იმაზე, რაც ყველას გვინდა და შეიძლება, რომ სხვა საქმეებიც გააკეთონ პარალელურად. ყოველ კვირას იქნება დაკიდული თარიღი, როდესაც ძალიან დიდი მარშით გავივლით ხოლმე და გავაგონებთ ჩვენს ხმას ხელისუფლებას“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელისუფლებამ უკვე დაუკმაყოფილა ორი მოთხოვნა: 20-21 ივნისს დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება.
20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, 240-მდე ადამიანი დაშავდა. ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი. დაკავებული იყო 350 ადამიანი.