აქციის მე-13 დღე დასრულდა
რუსთაველის გამზირზე დასრულდა საპროტესტო აქცია (#სირცხვილია). 2 ივლისს, აქციის მე-13 დღეს აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ორგანიზატორებმა, მუსიკოსებმა თუ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებმა. შესრულდა არაერთი სიმღერა და მუსიკალური კომპოზიცია. აქცია დასრულდა პერფორმანსით.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების ბოლო შეუსრულებელ მოთხოვნად - შს მინისტრის გადადგომა რჩება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გიორგი გახარიამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 20-21 ივნისის აქციის სასტიკი მეთოდებით დაშლის გამო.
აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ხუთშაბათს (4 ივლისი) პარლამენტის შენობის წინ გაიმართება გრანდიოზული კონცერტი, ხოლო შაბათისთვის (6 ივლისი) იგეგმება მასშტაბური მსვლელობა. შემდეგი კვირიდან კი, პარლამენტის შენობის წინ „მუდმივი სამუშაო სივრცე“ მოეწყობა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელისუფლებამ უკვე დაუკმაყოფილა ორი მოთხოვნა: 20-21 ივნისს დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება.
20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, 240-მდე ადამიანი დაშავდა. ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი. დაკავებული იყო 350 ადამიანი.
ორგანიზატორების თქმით, 3 ივლისს, 19:00 საათზე, საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე კვლავ განახლდება.