რუსეთის ემბარგო: ქუთაისის 16 სასტუმროში 207 ჯავშანი გაუქმდა
რუსეთის ტურისტული ემბარგოს კვალდაკვალ, ქუთაისის სასტუმროებში რუსი ტურისტების 137 ჯავშანი გაუქმდა. ქუთაისის ტურიზმის ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრირებული სასტუმროებიდან ჯავშნების გაუქმება 16-მა დაადასტურა. რუსი ტურისტების გარდა, 70 ჯავშანი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმაც გააუქმეს.
„16 სასტუმროს მონაცემით, 137 რუსული ჯავშანია გაუქმებული, 70 ჯავშანი კი - სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან. ჯამში, ეს გვაძლევს 207 ჯავშანს. ერთ კვირაში დავკარგეთ 207 ჯავშანი. ეს არის მხოლოდ ჩვენთან შემოსული მონაცემები დ არ ვლაპარაკობ ქალაქში სრულ სურათზე", - განაცხადა ქუთაისის ტურიზმის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა, მარი დევიძემ.
რუსული ტურისტული ემბარგოს შემდეგ, ქუთაისის ტურიზმის ცენტრს 384-მა ტურისტმა მიმართა. ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ გარდატეხა ერთ კვირაში მოხდა.
"20 ივნისამდე ქუთაისის ტურიზმის ცენტრში ერთ კვირაში შემოვიდა 592 ტურისტი, 20 ივნისის შემდეგ კი - ერთ კვირაში შემოვიდა 384 ტურისტი. 208 ტურისტი დავკარგეთ და ეს არის უკვე დაჯავშნილი მოგზაურობების ფონზე. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის მზარდი სტატისტიკა, რომელიც მაისის თვეში იყო დაფიქსირებული - თითქმის 50 პროცენტიანი ზრდა იყო დაფიქსირებული შარშანდელ წელთან შედარებით. ერთ კვირაში მოხდა გარდატეხა და წავიდა კლებისკენ ",- ამბობს მარი დევიძე.
მისივე თქმით, ამ სიტუაციაში მთავარია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის, შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად გავრცელდეს, რათა უცხოელ ტურისტებს ქვეყანაში დაუცველობის განცდა არ ჰქონდეთ.
მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ავიარეისების შესრულება აუკრძალა, სოციალურ ქსელში დაიწყო კამპანია "დაისვენე საქართველოში“.
ქუთაისის მერია დაძმობილებულ ქალაქებს მიმართავს და სთხოვს, რომ მათ საკუთარ მოქალაქეებს საინტერესო ტურისტულ მიმართულებად საქართველო და კერძოდ, მათ შორის - ქუთაისი შესთავაზონ.