სალომე ზურაბიშვილი ტურისტებს ინგლისურ ენაზე ეპატიჟება
საქართველოს პრეზიდენტი უცხოელ ტურისტებს საქართველოში ეპატიჟება. ინგლისურ ენაზე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში სალომე ზურაბიშვილი ბათუმის ფონზე ჩანს და სტუმრებს ქართული სტუმართმოყვარეობით დახვედრას ჰპირდება.
„ჩვენ ვიმყოფებით შავი ზღვის საქართველოს სანაპიროს ყველაზე მაღალ წერტილში. ჩემს უკან ყველაზე თანამედროვე ქალაქი ბათუმია და სანაპირო... ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი უნიკალური ადგილია, სადაც კულტურა ერწყმის სილამაზეს. აქ ახლოს არის არქეოლოგიური ზონა... და ჩვენ ყველანი გელოდებით თქვენ ქართული სტუმართმოყვარეობით. გაატარეთ თქვენი ზაფხული საქართველოში “, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
ვიდეომიმათვა პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა ჰეშტეგით #SpendYourSummerinGeorgia. ვიდეო გაგზავნილია ასევე სოციალურ ქსელში ამავე სახელწოდებით მოქმედ ჯგუფში, რომელშიც უკვე 250 ათასზე მეტი ინტერნეტმომხმარებელია გაწევრიანებული.
Spend Your Summer in Georgia (გაატარე შენი ზაფხული საქართველოში) - ამ სახელწოდების ჯგუფი საქართველოში ტურისტების მოზიდვას ისახავს მიზნად და ფეისბუკში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საქართველოსკენ პირდაპირი ფრენები აუკრძალა რუსულ ავიაკომპანიებს. აკრძალვა 8 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.