პრეზიდენტი ბათუმში: „ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო დღეს არის შესული ევროპაში“
ბათუმში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პირველი შეხვედრა გამართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, ზაზა თავაძესთან და მოსამართლეებთან. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობა პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა და თქვა რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დიდი ნდობით სარგებლობს ევროპაში:
„როგორც პრეზიდენტი, მე ვარ კონსტიტუციის გარანტი და ამდენად, თანამშრომლობა საკონსტიტუციო სასამართლოსთან არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მოხარული ვარ იმით, რომ ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო დღეს არის შესული ევროპაში მთლიანად, როგორც სრული და ძალიან დაფასებული ნაწილი სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოების ქსელის და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ფორმა ევროპაში შესვლის სექტორალურად, როგორც ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ და ეს არის ერთ-ერთი დარგი. დიდი ნდობით სარგებლობს ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო და ჩვენთვის ყველასთვის არის საამაყო“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა 5 ივლისს, ბათუმში ვიზიტისას, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-15 საერთაშორისო კონგრესი გახსნა და სიტყვით გამოვიდა. რეგიონში ვიზიტისას პრეზიდენტი დახურულ კარს მიღმა შეხვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძესა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს.
პრეზიდენტმა რეგიონში ვიზიტი ისე დაასრულა, რომ არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს.