ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობას, რომ საარჩევნო რეფორმაზე საშემოდგომო სესიის ფარგლებში შეჯერებული გადაწყვეტილებები მივიღოთ
ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობას, რომ კონსტრუქციულად გაგრძელდეს ეს პროცესი და საშემოდგომო სესიაზე უკვე შეჯერებული გადაწყვეტილებები მივიღოთ პარლამენტში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მიმდინარე სამდღიანი კონსულტაციების დასრულების შემდეგ განუცხადა.
თალაკვაძე სამუშაო შეხვედრებს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ პროცესში ოპოზიციის მხარდაჭერა მაღალია.
„იყო ძალიან ფართო ჩართულობა, რაც ჩვენს წინადადებათა შეთავაზებას მოჰყვა და აშკარაა, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა და მაღალი ინტერესი აქვს პროპორციული არჩევნების სისტემას. ჩვენ განვიხილეთ პრაქტიკულად ყველა საკითხი, რაც სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციას აინტერესებდა, როგორც პროპორციულ არჩევნებზე, ასევე საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებაში. ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობას, რომ კონსტრუქციულად გაგრძელდეს ეს პროცესი და საშემოდგომო სესიაზე უკვე შეჯერებული გადაწყვეტილებები მივიღოთ პარლამენტში. მე ვფიქრობ, ეს ფორმატი მოემსახურება იმას, რომ ოპოზიციურ პარტიებს, ხელისუფლებას და მმართველ გუნდს ჰქონდეს კონკრეტული ფორმატი შექმნილი, კონკრეტული შესაძლებლობა, რომ განიხილოს ყველა აქტუალური საკითხი და ოპოზიციას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ თავისი მოსაზრებები დააფიქსიროს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, კონსულტაციების მიმდინარეობა აჩვენებს, ერთი მხრივ ხელისუფლების მზადყოფნას პოლიტიკური დიალოგისთვის და ასევე აჩვენებს იმასაც, რომ ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი რეალურად დაინტერესებულია თანამშრომლობით.
„ეს რა თქმა უნდა, უკვე გარკვეულწილად სიგნალს აძლევს იმ რამდენიმე ოპოზიციურ ჯგუფს, რომელიც თავიდან ცდილობდა ამ შესაძლებლობის უგულებელყოფას და ცდილობდა, რომ დესტრუქციული პასუხები გაეცა ჩვენს გადაწყვეტილებაზე, რომ არჩევნები პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს 2020 წელს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საარჩევნო ცვლილებების საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სამი დღის განმავლობაში ლოპოტაზე მიმდინარეობდა.