გახარია: მელიას მიერ გავრცელებული კადრები არის „სრული ფარსი“
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, „სრული ფარსი“ უწოდა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიერ 10 ივლისს გავრცელებულ კადრებს, რომელშიც თითქოს ჩანს, რომ 20 ივნისს, ღამით, პარლამენტის წინ აქციის დაშლა დაიწყო იმ დროს, როცა ოპოზიციის ლიდერები მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების მიზნით შესვლაზე მსჯელობდნენ. ოპოზიცია ამ კადრებს მიიჩნევს მთავრობის ვერსიის გაბათილებად - რომ თითქოს ძალის გამოყენება იმიტომ გახდა საჭირო, რომ პარლამენტის შენობაზე შტურმი მიმდინარეობდა ოპოზიციის მომხრეების მხრიდან.
ტელეკომპანია პირველის გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას გახარია ამბობს, რომ ამ კადრების პარალელურად, იმავე დროში პარლამენტის შენობაზე „პირდაპირი შტურმი“ მიმდინარეობდა, და ამ შტურმის ამსახველი კადრებიც არსებობს.
ოფიციალური მონაცემებით 20-21 ივნისის ღამეს, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა. მათგან ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.