„самокат“-ები, რომელიც რუსულ რუბლში ქირავდებოდა აღარ ჩანს
რუსთაველის გამზირზე და პეკინის ქუჩაზე თვითგორიების (самокат) გაქირავება, რომელიცმხოლოდ რუსული რუბლით შეიძლებოდა მფლობელმა შეაჩერა.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში, თვითგორიების (самокат) მფლობელმა ნიკო პაპაშვილმა განაცხადა, რომ გაქირავება დროებით შეაჩერა გადახდის სისტემაში არსებული ხარვეზების გამო.
„აპლიკაციაში აღმოვაჩინეთ შეცდომები, მენიუ რუსულ ენაზე იყო და გადახდას ზოგს რუბლში უჩვენებდა და ზოგს დოლარში. დაახლოებით 2 კვირაში ყველაფერს გამოვასწორეთ და ისევ გამოვიტანთ ქალაქში“, - ამბობს ნიკო პაპაშვილი.
თვითგორიას დასაქირავებლად საჭიროა აპლიკაციის გადმოწერა, მენიუს გახსნა, რომელიც მხოლოდ რუსულადაა ხელმისაწვდომი, რეგისტრაციისთვის პირადი მონაცემების გამოყენებაზე თანხმობა და რუბლში ანგარიშსწორება.
თბილისელებმა, რუსულენოვანი აპლიკაციისა და რუბლით გადახდის სისტემის გამო უკმაყოფილება სოციალურ ქსელებში გამოხატეს.
ნიკო პაპაშვილის თქმით, გაქირავების შეწყვეტის საფუძველი მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობა იყო.
„დღეს ვიყავით მერიაში შეხვედრაზე, მერია ყველანაირად შეგვიწყობს ხელს. საბურთალოზე 100%- ით აღვადგენთ გაქირავებას, რაც შეეხება რუსთაველს, ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით“,- ამბობს ნიკო პაპაშვილი.