დღე 35 - გადაცემა „სირცხვილია“ თიბისის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურება
ანტისაოკუპაციო აქციები რუსთაველის გამზირზე საზაფხულო რეჟიმზე გადავიდა და გადაცემების სახით გრძელდება.
პროტესტის 35-ე დღეს გადაცემა „სირცხვილია“ თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
24 ივლისს, პროკურატურამ თიბისი ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. პროკურატურა თიბისის დამფუძნებლებს ფულის გათეთრებას ედავება.
გადაცემა „სირცხვილიას“ სტუმარი იქნება ასევე მოძრაობა „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის წინ მოწყობილი ე.წ. ტელე-სტუდიიდან, 20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებსა და 2020 წლის პროპორციულ არჩევნებზე ილაპარაკებს.
გადაცემა, რომელიც ერთ საათს გაგრძელდება, 20:20 წუთზე დაიწყება. საპროტესტო აქციების ორგანიზატორების თქმით, ერთი მიკროფონი პარლამენტის წინ მისული მაყურებლისთვის იქნება განკუთვნილი, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ სტუმარს დაუსვან კითხვები.
22 ივლისიდან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებმა ფორმა შეიცვალა და გადაცემის სახე მიიღო. გადაცემა, რომლის წამყვანიცაა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი, ერთ საათს გრძელდება.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 35-ე დღეა გრძელდება.
ანტისაოკუპაციო აქციები 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.
20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, 240-მდე ადამიანი დაშავდა. ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.
აქციის ორგანიზატორთა თქმით, 20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება შს მინისტრს, გიორგი გახარიას.
აქციების 35-ე დღეს, დემონსტრანტების ერთადერთ მოთხოვნად გიორგი გახარიას გადადგომა რჩება.