წინასწარი ინფორმაციით, თუშეთში 5 ადამიანი დაიღუპა
არაოფიციალური ინფორმაციით, თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. მიკროავტობუსში 12 ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
სამაშველო ღონისძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. შსს-ს განცხადებით, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 სამაშველო ეკიპაჟი, ასევე, ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან, ასევე, გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ერთ-ერთი პირი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. დაშავებული 40 წლამდე მამაკაცია.