DW კახა კალაძის განცხადებაზე: რა პასუხი შეიძლება გვქონდეს ამაზე?!
გერმანული საერთაშორისო საზოგადოებრივი მაუწყებელი "დოიჩე ველე" (DW) რიტორიკული კითხვით აფასებს კახა კალაძის განცხადებას.
"როგორ ფიქრობთ, რა პასუხი შეიძლება გვქონდეს ამაზე?!" - უთხრეს რადიო თავისუფლებას DW-ში.
DW-ს მასალას - "საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად 'მოსკოვის კაცს' დაუჭირა მხარი" - თბილისის მერმა და ხელისუფლების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ შეკვეთილი უწოდა.
ვერა ტელმანი, დოიჩე ველეს კომუნიკაციების უფროსის მოადგილე რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ მასალის სათაური არასდროს ყოფილა მცდარი და "მოსკოვის კაცი" თავიდანვე მონიშნული იყო როგორც ციტატა. ტელმანი ამბობს, რომ მასალასთან დაკავშირებით DW-ს გერმანიაში საქართველოს საელჩომაც მიმართა:
"ჩვენმა რედაქტორმა ტექსტში მანამდე არსებული განმარტება - 'რომელსაც ოპოზიციამ ცოტა ხნით ადრე უწოდა "მოსკოვის კაცი' - დაამატა შესავალში [ინტროში], რათა ცხადი გამხდარიყო, რომ სათაურში გამოყენებული ფორმულირება ციტატა იყო", - ამბობს ტელმანი. მისივე თქმით, სხვა ცვლილება არ ყოფილა და DW-ში მასალებს არედაქტირებენ მხოლოდ რაიმეს დაზუსტების მიზნით.
საკამათო მასალა DW-ს ვებსაიტზე 9 სექტემბერს გამოქვეყნდა.