ჩეხეთის პრეზიდენტმა სერბეთში განაცხადა, რომ „არ უყვარს კოსოვო“
ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ არ უყვარს კოსოვო, სერბეთის ყოფილი პროვინცია, რომლის დამოუკიდებლობას არ აღიარებს ბელგრადი.
ეს სიტყვები ზემანმა წარმოთქვა 10 სექტემბერს ბელგრადში, სადაც ჩეხეთის პრეზიდენტი ვიზიტით ჩავიდა. სტუმარს მიესალმა სერბი კოლეგა, ალექსანდარ ვუჩიჩი, რომელსაც ჩეხეთის ლიდერმა ინგლისურად უთხრა, რომ „უყვარს სერბეთი და სერბი ხალხი“.
შემდეგ კი ჩურჩულით დაამატა: „მაგრამ არ მიყვარს კოსოვო“.
პასუხად ვუჩიჩმა ჩეხ კოლეგას მადლობა გადაუხადა, იუწყება „ასოშიეტიდ პრესი“.
ჩეხეთის რესპუბლიკა ევროკავშირის იმ 23 სახელმწიფოს შორისაა, რომლებმაც აღიარეს კოსოვოს დამოუკიდებელობა, გამოცხადებული 2008 წელს, 1998-1999 წლებში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით.