თალიბანმა მოსკოვში გამართა მოლაპარაკებები ავღანეთში სამშვიდობო დარეგულირების შესახებ
ავღანელი თალიბების დელეგაცია ესტუმრა მოსკოვს, სადაც პარასკევს რუსეთის წარმომადგენლებთან გამართა მოლაპარაკებები ავღანეთში სამშვიდობო დარეგულირების შესახებ. ვიზიტი გაიმართა რამდენიმე დღეში მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა თალიბების ხელმძღვანელებთან დაგეგმილი შეხვედრა კემპ-დევიდში და აშშ-სა და თალიბებს შორის ავღანეთში მშვიდობის თაობაზე მოლაპარაკებებს „მკვდარი“ უწოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთის მხრიდან აღინიშნა აშშ-სა და თალიბების მოძრაობას შორის მოლაპარაკებების განახლების აუცილებლობა“. ამასთან, სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ავღანეთიდან უცხოური ჯარების სრული გაყვანა არის ერთადერთი პირობა ქვეყანაში ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად.
თალიბების დელეგაციის ხელმძღვანელმა შერ მოჰამად აბას სტანიკზაიმ ტელეარხ RT-ს განუცხადა, რომ მოძრაობა მზადაა დაუბრუნდეს აშშ-სთან მოლაპარაკებებს. მაგრამ, თუკი ის არ გაგრძელდება, თალიბები მზად არიან, განაახლონ სამხედრო მოქმედებები ავღანეთის სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ. როგორც როიტერსთან ინტერვიუში თქვა თალიბების ერთ-ერთმა ლიდერმა, მოძრაობამ შეიძლება გააძლიეროს მოლაპარაკებებზე თავისი პოზიციები იმით, რომ მხარდაჭერის პირობა მიიღოს რეგიონის ქვეყნებისგან, როგორებიც არიან რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნები.
მას მერე, რაც ქაბულში განხორციელდა ტერაქტი, რომლის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, ტრამპმა განკარგულება გასცა, შეწყდეს თალიბებთან მოლაპარაკებები, რომლებიც ყატარის დედაქალაქ დოჰაში ტარდებოდა და რომელზეც თალიბებთან სამშვიდობო დარეგულირების შესახებ შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს.
თალიბების დელეგაცია პირველად არ სტუმრობს მოსკოვს. ამასთან, თალიბანი რუსეთში ოფიციალურად არის აღიარებული ტერორისტულ ორგანიზაციად.