პარლამენტის თავმჯდომარე: მოსამართლეთა არჩევა გამჭვირვალედ მოხდება
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პირობას დებს, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის განხილვა „მაქსიმალურად გამჭვირვალედ და დემოკრატიული სტანდარტების დაცვით“ წარიმართება.
ODIHR-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცედურა ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროცესის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არ იყო შესაბამისად უზრუნველყოფილი.
„პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას და პარტნიორების რეკომენდაციებს“, უთხრა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დასკვნის კომენტირებისას.
არჩილ თალაკვაძის თქმით, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარდგენილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია.
პარლამენტის თავმჯდომარემ შეახსენა ჟურნალისტებს, რომ გასულ წლამდე არ არსებობდა მოსამართლეთა დასახელებისა და მათი არჩევის საკანონმდებლო ბაზა.
მისივე თქმით, „დაისმება ყველა მნიშვნელოვანი კითხვა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით“.