საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო რეფორმას რუსთავში განიხილავენ
საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში, რუსთავში მიმდინარეობს შეხვედრა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე.
ცვლილებების თანახმად, 2020 წელს საქართველოში უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეს. ასევე, დაწესდება ნულოვანი საარჩევნო ბარიერი.
"მიზანი არის, რომ პარლამენტი გახდეს უფრო წარმომადგენლობითი, რომ ერთი პოლიტიკური პარტიის განკარგულებაში არ იყოს მანდატების ძალიან დიდი რაოდენობა, და რომ პოლიტიკა გახდეს უფრო დაბალანსებული", - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
პირველი განხილვა თელავში, 13 სექტემბერს მოეწყო.
დღევანდელ დისკუსიაში მონაწილეობას იღებენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ასევე, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრები. განიხილება ოპოზიციის პროექტიც - ოპოზიცია ნულოვან საარჩევნო ბარიერსა და ბლოკების გაუქმებას არ ეთანხმება.
საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია საქართველოს მასშტაბით შეხვედრებს 10 ქალაქში გამართავს.
2017 წელს განახლებული კონსტიტუციით, საქართველოში პირველი სრულად პროპორციული არჩევნები 2024 წელს უნდა გამართულიყო. ხელისუფლებამ მაჟორიტარული სისტემა დათმო 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ - როცა სახელმწიფომ ძალის გამოყენებით დაშალა ანტისაოკუპაციო აქცია, რა დროსაც დაშავდა ასეულობით ადამიანი და რამდენიმემ თვალი დაკარგა.