აქცია #სირცხვილიას წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებენ
აქცია #სირცხვილიას წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებენ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ დღეს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა განაცხადა ზუგდიდში. მან მერიის წინ მხარდამჭერებთან ერთად გაავრცელა მიმართვა:
"ჩვენ გადავწყვიტეთ, მივიღოთ ბიძინა ივანიშვილის გამოწვევა, გამოწვევა იმისა, რომ მას თუ არ აინტერესებს ჩვენი პროტესტი, ჩვენი ხმა, ჩვენი აზრი, ჩვენ ვიქნებით მის წინააღმდეგ რადიკალურები", - თქვა მაქარაშვილმა. მისი სიტყვებით, დღეიდან სხვადასხვა ქალაქში გაიმართება მანიფესტაციები, რომლებზეც მათი მხარდამჭერები "ერთ დიდ მოძრაობაში" ჩაერთვებიან. როგორც მაქარაშვილმა თქვა, ეს იქნება #სირცხვილიას მოძრაობის გაგრძელება.
"ჩვენ ბევრი ფლანგიდან შევუტევთ რეჟიმს, რომელმაც დაგვაბრმავა, დაგვასახიჩრა, მოგვწამლა. შევუტევთ და 2020 წელს აუცილებლად დავამარცხებთ არჩევნების გზით", თქვა გიგა მაქარაშვილმა.
მაქარაშვილის თქმით, იქნება თუ არა სამოქალაქო მოძრაობის ოფიციალური სახელწოდება „სირცხვილია“, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 20 ივნისიდან იმართება.