გორში შეკრებილი აქტივისტები გეგმავენ, 20 სექტემბერს „სირცხვილიას" მიტინგს შეუერთდნენ
„გორი - ერთად ერთის წინააღმდეგ" - ასე ჰქვია საპროტესტო აქციას, რომელიც17 სექტემბერს გორის ცენტრში გაიმართა.
სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმ კედელთან შეიკრიბნენ, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის ნაკვალევი დღესაც ამჩნევია. კედელზე კასეტური ბომბების კვალი ჩანს.
აქციის მონაწილეები 20 სექტემბერს თბილისში დაგეგმილ აქციას უერთდებიან.
სამოქალაქო აქტივისტი ნიკა წიქარიძე აცხადებს, რომ გორში ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტის გარდა, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დაწინაურების ფაქტიც აღშფოთებას იწვევს.
წიქარიძის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ გახარია თანამდებობიდან გადაეყენებინათ, ის დააწინაურეს.
აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ ანტისაოკუპაციო პლაკატები. ერთ-ერთზე კი ეწერა „142 009", მათი თქმით, ეს გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა რაოდენობაა.
გორში შეკრებილები 20 სექტემბერს თბილისში გამგზავრებას და საპროტესტო აქციაში მონაწილეობას აპირებენ.
20 სექტემბერს, 20 ივნისის მოვლენებიდან სამი თვის თავზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიტინგი იგეგმება.