იუწყებიან, რომ საქართველო გეგმავს ეთნიკურად ჩეჩენი მოქალაქის რუსეთში ექსტრადიციას
რუსეთის ეთნიკურად ჩეჩენ მოქალაქეს, რამზან ახიადოვს, რომელიც 2017 წლიდან საქართველოში ცხოვრობს, რუსეთში ექსტრადიციას უპირებენ. ინტერნეტგამოშვება "ნეტგაზეთი" ავრცელებს მისი ადვოკატის, ალექსანდრე თათელიშვილის სიტყვებს - რომ რუსეთის ფედერაცია მას ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ადანაშაულებს, თავად ახიადოვი კი ბრალდებას შეთითხნილს უწოდებს. ახიადოვი თვლის, რომ რუსეთში მას არაადამიანური მოპყრობა ემუქრება და ვერც სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლებს.
"ნეტგაზეთი" იუწყება, რომ მას იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს ექსტრადიციის შესახებ ბრძანების არსებობა. ახიადოვის ადვოკატის თანახმად, საექსტრადაციო პატიმრობის მაქსიმალური, 9-თვიანი ვადა 20 სექტემბერს იწურება, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამჟამად რუსთავის ერთ-ერთ საპატიმროში იმყოფება.