თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ირაკლი ოქრუაშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. პატიმრობაში, ასევე რჩებიან თორნიკე დათაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი.
ბრალდებული სასამართლოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და 500 000-ლარიან გირაოს მოითხოვდა.
ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. ოქრუაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.
ირაკლი ოქრუაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.