ტრამპი თავს იცავს ინფორმატორის „სასაცილო“ საჩივრის წინააღმდეგ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავი დაიცვა ინფორმატორის ოფიციალური საჩივრის წინააღმდეგ, რომელიც უკავშირდება უცხოეთის სახელმწიფოს ლიდერთან სატელეფონო საუბარს.
მას არ დაუსახელებია სახელმწიფო, თქვა მხოლოდ ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში, რომ ჰქონდა „სრულიად კარგი და ორმხრივ პატივისცემის“ გამომხატველი საუბარი. „არაფერი იყო ცუდი“, დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
რეპორტიორებთან საუბრისას, ტრამპმა, საჩივარს უწოდა „სასაცილო“ და დასძინა, „ის მიკერძოებული ინფორმატორიაო“.
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ საჩივარი, რომელსაც დაზვერვის სამთავრობო ორგანო „სერიოზულს და „სასწრაფოს“ უწოდებს, კონგრესს გადაეცეს.
„ვაშინგტონ პოსტი“ ეყრდნობა ორი ყოფილი ოფიციალური პირის განცხადებას, რომ საქმე უცხოეთის სახელმწიფოს ლიდერთან პრეზიდენტ ტრამპის სატელეფონო საუბრისას გაკეთებულ „დაპირებას“ ეხება, რომელიც იმდენად საგანგაშო იყო, რომ აშშ-ის დაზვერვის სამსახურის თანამშრომელმა, რომელიც თეთრ სახლში მუშაობდა, სპეცსამსახურების გენერალურ ინსპექტორთან შეიტანა საჩივარი.
„ნიუ-იორკ ტაიმსი“ იმოწმებს ამ საქმეში გარკვეული ორი პირის ნაამბობს, რომ „ბრალდების, სულ მცირე, ერთი ნაწილი ეხება უკრაინას“. იქვე ნათქვამია, რომ თავიდან არ იყო ცხადი, როგორ ეწერებოდა ბრალდებაში უკრაინა.
მიმომხილველები ირიბ მინიშნებებს აკეთებენ, რომ საქმე ეხება უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს, რომელიც საჩივრის შედგენიდან ორკვირა-ნახევრით ადრე გაიმართა.
სახელმწიფო დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა საჩივრის დეტალების კონგრესისთვის გადაცემა, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ჯერჯერობით არ ისურვა.
გენერალური ინსპექტორი ვაშინგტონის სპეცსამსახურების შიდა ზედამხედველია, რომელიც პოლიტიკური მითითებებისგან დამოუკიდებლად იძიებს და ამხელს გადაცდომებს. ხელისუფლებაში ტრამპის მოსვლამდე დადგენილი წესის თანახმად, შიდა ინფორმატორებმა პირველ რიგში გენერალურ ინსპექტორს უნდა მიმართონ.
კომენტარისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ კიევშიც. ცნობილია, რომ ტრამპი-ზელენსკის პირისპირ შეხვედრა 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებშია დაგეგმილი.