მსახიობ პაველ უსტინოვს ციხიდან პირობით ათავისუფლებენ, ადრე გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების ფონზე
მოსკოვის სასამართლომ, საზოგადოების მღელვარების შემდეგ, გადაწყვიტა ციხიდან გამოუშვას მსახიობი პაველ უსტინოვი, რომელსაც საჩივარი აქვს შეტანილი მისთვის პოლიციელის მიმართ ძალის გამოყენების ბრალდებით გამოტანილი განაჩენის გამო.
უსტინოვს 16 სექტემბერს სამწლინახევრით პატიმრობა მიესაჯა პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის და ეროვნული გვარდიის წევრის მიმართ ძალადობისთვის. უსტინოვი, რომელიც ადრე ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა, თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ 3 აგვისტოს დემონსტრაციის მახლობლად იდგა.
23 წლის უსტინოვი სხვა არაერთ პირთან ერთადაა გასამართლებული ბოლო ხანებში მოსკოვში გამართულ აქციებში მონაწილეობის დროს სხვადასხვა ბრალდებით. პოლიცია და სამართალდამცავი ორგანოები მძაფრი კრიტიკის სამიზნე გახდნენ დემონსტრაციების დროს და მათ მერე გამოყენებული ტაქტიკის გამო. კრიტიკულად განწყობილების თანახმად, მათი მკაცრი ქმედება სხვების დაშინების მცდელობაც იყო.
უსტინოვს არ შეუძლია ქალაქის დატოვება, სანამ სასამართლო მის საჩივარს არ განიხილავს.
უსტინოვისთვის გამოტანილ განაჩენს საზოგადოების მღელვარება მოჰყვა. ათეულობით პოლიტიკოსმა, კულტურის სფეროს და შოუბიზნესის წარმომადგენელმა, სასულიერო პირმა, მასწავლებელმა და სხვა პროფესიის ადამიანებმა გამოხატეს მის მიმართ მხარდაჭერა.