დონალდ ტრამპმა უარი უთხრა ირანს სანქციების გაუქმებაზე
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან უარი უთხრა თეირანს მოლაპარაკების სანაცვლოდ აშშ-ის სანქციების გაუქმებაზე. უარის ფონია ორ ქვეყანას შორის ირანის ბირთვული პროგრამის და სხვა საკითხების გამო გამწვავებული დაპირისპირება.
ტრამპმა ტვიტერით 27 სექტემბერს დაწერა: „ირანს სურდა, რომ დაწესებული სანქციები გამეუქმებინა შეხვედრის მიზნით. მე, რა თქმა უნდა, ვუთხარი, „არა!“, იტყობინება ტრამპი მას მერე, რაც დასავლეთის სახელმწიფოები შეეცადნენ, აშშ და ირანი შეხვედრაზე დაეყოლიებინათ გაეროს გენერალური ასამბლეის დროს ნიუ-იორკში.
ტრამპის განცხადება არ შეესაბამებოდა ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის განცხადებას, რომლის თანახმად, აშშ-მა შესთავაზა ირანს ყველა სანქციის გაუქმება მოლაპარაკების სანაცვლოდ.
27 სექტემბერს როჰანიმ განაცხადა, რომ თეირანს ჯერ არ უთქვამს თანხმობა შეთავაზებაზე „არსებული მოწამლული“ ატმოსფეროს გამო, იტყობინება როიტერსი როჰანის საიტზე დაყრდნობით.
როიტერსის ცნობით, როჰანიმ განაცხადა, რომ შეხვდა აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენლებს გერმანიის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლების თანდასწრებით. „დისკუსია იყო იმის თაობაზე, თუ რომელ სანქციებს გააუქმებდა აშშ და ითქვა ცხადად, რომ ყველა სანქციას გაუქმებდნენ“, - იუწყება როჰანი.
თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც შარშან აშშ გავიდა ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმებიდან, რომელსაც 2015 წელს მიაღწიეს თეირანმა და მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა. შემდგომ აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა.
ბოლო თვეში ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა, როცა საუდის არაბეთის სანავთობო ობიექტებზე თავდასხმაში ვაშინგტონმა ირანი დაადანაშაულა.