ჯანჯღავა ინიშნება ავღანეთში NATO-ს მისიაში უსაფრთხოების საკითხებში შტაბის უფროსის მოადგილედ
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ნიკოლოზ ჯანჯღავა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, NATO-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მმართველობაში უსაფრთხოების საკითხებში შტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობას (Deputy DCOS Security Assistance) დაიკავებს, - იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ჯანჯღავა ამ თანამდებობაზე ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს.
სამინისტროს ცნობით, ავღანეთში გამგზავრებამდე ნიკოლოზ ჯანჯღავას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია ესწრებოდა.
სამინისტროს ინფორმაციით, NATO-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მმართველობაში (ქ. ქაბული) საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენელი მაღალ თანამდებობას პირველად დაიკავებს.
„მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ სამხედრო მართვის რგოლი ტრადიციულად NATO-ს წევრი ქვეყნების უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობიდან კომპლექტდება.
NATO-ს სამშვიდობო ოპერაციის მართვის პროცესში ქართველი გენერლის ამოცანას წვრთნების, რჩევისა და დახმარების ღონისძიებების (Training Advising Assisting) უზრუნველყოფა წარმოადგენს. ბრიგადის გენერალი ნიკოლოზ ჯანჯღავა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობასა და ნატოს უმაღლეს სამოქალაქო წარმომადგენელს შორის მჭიდრო სამხედრო-დიპლომატიური კავშირების განმტიცებაზე იქნება პასუხისმგებელი. ავღანეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების მზადყოფნის ამაღლების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე საერთაშორისო მრჩევლების მუშაობას კოორდინირებასა და კონტროლს გაუწევს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში.