უკრაინის გამო სკანდალის ფონზე, კრემლი მოელის, რომ ტრამპის და პუტინის საუბრები საიდუმლოდ დარჩება
კრემლი მოელის, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და მის კოლეგას, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, შორის საუბრები საიდუმლოდ დარჩება.
სკანდალმა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ტრამპის სატელეფონო საუბარს ეხება, ვაშინგტონი მოიცვა.
კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა 27 სექტემბერს განაცხადა, რომ ტრამპის და ზელენსკის სატელეფონო საუბრის შინაარსის გამოქვეყნება „უჩვეულო იყო“ და რომ აღიარებული დიპლომატიური წესია, ასეთი საუბრები საიდუმლოდ დარჩეს.
„ჩვეულებრივ, საუბრები სახელმწიფოების მეთაურებს შორის საიდუმლო ან სრულიად საიდუმლოა და მთელ მსოფლიოში მიღებული წესით, ცხადია, მათი გამოქვეყნება არ ხდება“, - თქვა პესკოვმა, როცა მას ზელენსკისთან ტრამპის 25 ივლისის საუბრის შესახებ ჰკითხეს.
„ცხადია, იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში, სადაც ისედაც ერთობ სერიოზული პრობლემები გვაქვს, ასეთი რამ არ მოხდება“, - დასძინა მან.
ამ საუბრისას, ტრამპი ზელენსკის სთხოვს, გამოიძიოს ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის საქმიანობა უკრაინაში. ამის გამო, ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტის თაობაზე კვლევა დაიწყეს ვაშინგტონში.
დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების აზრით, ტრამპმა ამ საუბრისას ზეწოლა მოახდინა ზელენსკიზე და მოსთხოვა ჯო ბაიდენის საქმის გამოძიება, რაც მას თავის მეორედ არჩევის საქმეში წაადგებოდა.
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენი ტრამპის მთავარი მეტოქეა დემოკრატიული პარტიის ბანაკიდან.