გიგი უგულავა გიორგი გახარიაზე – იარა, ქექა, პატრიარქის გადაყენება „იჩალიჩა“, რუსთაველზე ტრაგედია დაატრიალა და ისევ ოპოზიციას მოადგა
იარა, ქექა, „იჩალიჩა“ პატრიარქის გადაყენება, ტრაგედია დაატრიალა რუსთაველზე და ისევ მოადგა ოპოზიციას, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, სადაც პრემიერი საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
როგორც უგულავამ აღნიშნა, „ნაც-ქოცური“ დაპირისპირების დისკურსი აღარ მუშაობს და „გახარია, ივანიშვილი და მთელი „ქართული ოცნება“ საკუთარ პოლიტიკურ ნაღმზე აფეთქდება“.
„გახარია ისევ იგივეს ამბობს, რასაც უკვე 7 წელია ვისმენთ „ქართული ოცნებიდან“. დაწყებული საბურავებს როგორ ვყრიდით და უკრაინიდან ჩამოგვყავდა ვიღაც ექსპერტები, სადარბაზოებში ვყრიდით „შპრიცებს“ სპეციალურად და მარსზე მივფრინავდით ივანიშვილის ჩამოსაგდებად და ა.შ. სირცხვილია, როცა უტიფართან ერთად ბრიყვი პრემიერ-მინისტრი გვყავს. უტიფარია, იმიტომ, რომ 20 ივნისის შემდეგ არათუ გადადგა, არამედ დასთანხმდა ბიძინა ივანიშვილს პრემიერობაზე. ეს იყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე უტიფარი საქციელი.
მაგრამ ის არის, ბრიყვი, ვინაიდან ჰგონია, რომ გამოღმა შედავებით, ისევ ნაცადი ხერხით და ტრადიციული „ნაც-ქოცური“ დაპირისპირებით გავა ფონს. ამდენი წლები ეს ყურით მოთრეული დისკურსი მუშაობდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საკუთარ პოლიტიკურ ნაღმზე აფეთქდება გახარია, ივანიშვილი და მთელი „ქართული ოცნება“. ამასთან, მოგეხსნებათ, მეუფე იაკობმა სწორედ მას დასდო ბრალი და სწორედ ის აქტიურობდა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შედარებით პატრიარქის გადაყენების ისტორიაში“, – აღნიშნა უგულავამ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომა გუშინ საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებზე გამოხმაურებით დაიწყო. გიორგი გახარიას თქმით, “საქართველოს პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიის და სიმბოლო სახელმწიფოებრიობის”.
“რა თქმა უნდა, გარკვეული ჯგუფები, რომელთაც არ სურთ ქვეყნის წყნარი, მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციებით ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ასეთი მცდელობა ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვნახეთ, როდესაც რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსა და მთავრობასთან მიმართებაში. დღეს, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში”,-აღნიშნა გახარიამ.