პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებულ "ფეიკნიუსს"
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთნ დაკავშირებულ საკითხებზე გავრცელებულ "ფეიკნიუსს" და ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების საქმეების განხილვა არ განახლებულა, შესაბამისად, პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე რაიმე გადაწყვეტილების მიღებაზე არ ფიქრობს.
,,ასეთი ,,ფეიკნიუსები“ ხალხის შეცდომაში შეყვანისა და, ამავე დროს, პრეზიდენტზე ერთგვარი ზეწოლის მცდელობაა“, - აღნიშნავენ ადმინისტრაციაში და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შეწყალების ახალი წესის შემუშავებაზე და შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.
31 ოქტომბერს, სინოდის კრებაზე მღვდელმთავრებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ აღიძრას შუამდგომლობა პრეზიდენტთან დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე, მისი ჯანმრთელობისა და ოჯახის რთული მდგომარეობის გათვალისწინებით.
საქართველოს პრეზიდენტს შეწყალებაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული, ვინაიდან გაირკვა, რომ მან 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე მძიმე დანაშაულში ბრალდებული რამდენიმე პირი შეიწყალა. ამ ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, სალომე ზურაბიშვილმა კი საპასუხოდ შეწყალებაზე უარი თქვა მანამ, სანამ „არ გადაიხედება და შემუშავდება შეწყალების წესები“.
პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. 5 სექტემბერს ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც უცვლელად დატოვა.