აშშ-მა ერაყის „ასაიბ აჰლ ალ-ჰაყის“ დაჯგუფება უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 3 იანვარს განაცხადა, რომ ერაყის „ასაიბ აჰლ ალ-ჰაყის“ დაჯგუფება უცხოეთის ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა. განცხადების თანახმად, დაჯგუფების ორ ლიდერს დაუწესდა სანქციები.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გამოაცხადა, რომ დაჯგუფება და მისი ლიდერები ირანის ისლამური რესპუბლიკის მოკავშირე ძალადობრივი გაერთიანებაა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „ასაიბ აჰლ ალ-ჰაყი“- ასევე ცნობილი სახელწოდებით, „მართალთა ლიგა“, ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის „ყუდსის ძალების“მხარდაჭერით მოქმედებს. „ყუდსის ძალები“ ასევე ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული ვაშინგტონის მიერ.
გლობალურ ტერორისტებად გამოცხადდნენ აშშ-ის მიერ ყაის ალ-ხაზალი, „ასაიბ აჰლ ალ-ჰაყის“ ლიდერი და მისი ძმა, ლაით ალ-ხაზალი, ჯგუფის მეორე ლიდერი. ტერორისტების სიაში შეყვანის შემდეგ ჯგუფის და მისი ორი ლიდერის აქტივები აშშ-ში იყინება და ამერიკელებს ეკრძალებათ მათთან საქმიანი ურთიერთობა, ასევე დანაშაულად ფასდება მათთვის მხარდაჭერა ან დახმარება.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა აშშ-ის მიერ საჰაერო თავდასხმის შედეგად ირანის ელიტარული „ყუდსის ძალების“ სარდლის, ყასემ სოლეიმანის მოკვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ.