5 იანვარს, „დედაენის“ ბაღში, გარემოვაჭრეების მხარდასაჭერად Flea Market-ი გაიმართება
ლეიბორისტული პარტიის წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი და აქტივისტები მოძრაობებიდან #სირცხვილია, "გაბედე" და "შეცვალე" თბილისის მერიასთან გარემოვაჭრეების მხარდასაჭერ აქციას მართავენ. ისინი მოითხოვენ, გარემოვაჭრეებს 15 იანვრამდე მიეცეთ რესპუბლიკის მოედანზე, საახალწლო ნაძვის ხესთან ვაჭრობის შესაძლებლობა.
როგორც აქციაზე ითქვა, 5 იანვარს დედაენის პარკში ფლიმერკეტი გაიმართება, რომელშიც აქტივისტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გარემოვაჭრეებიც, რათა ის პროდუქცია გაყიდონ, რომლის გაყიდვასაც რესპუბლიკის მოედანზე ვერ ახერხებენ.
გარემოვაჭრეებს მერია რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის წინ გადასვლას სთხოვდა, სადაც 31 დეკემბერს საპროტესტო კარვები აიღეს და საახალწლო ატრაქციონები მოაწყვეს. გარემოვაჭრეებმა უარი განაცხადეს და თქვეს, რომ იქ, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი იდგა და მოქალაქებმა თვალები დაკარგეს, საახალწლო ნივთების გასაყიდად არ გადავიდოდნენ.
ლაშა ჩხარტიშვილი მოითხოვს ასევე მის მიერ მომზადებული პროექტის საფუძველზე მერიისა და საკრებულოს მიერ გარევაჭრობის რეგულაციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას და გარევაჭრობის ადგილების განსაზღვრას.
"თუ კალაძე ორშაბათამდე არ დააკმაყოფილებს ულტიმატუმს და 15 იანვრამდე არ მისცემს გარემოვაჭრეებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე ვაჭრობის უფლებას, ჩვენ უკვე მის სახლთან გავმართავთ აქციას, რათა იქნებ საკუთარი შვილების მაინც შერცხვეს, სხვის შვილებს რომ აშიმშილებს და შვილმოკლულ მამას და მშიერ ოჯახებს ერთმანეთს აპირისპირებს", - განაცხადა ჩხარტიშვილმა.
3 იანვარს გარემოვაჭრეების მხარდასაჭერ აქციაზე ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს; როგორც ამბობს, ეს მისთვის ბოლო ერთ თვეში მეორე, ისე კი მეცამეტე დაკავებაა.