საქართველოს საჩოგბურთო ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა
ჩოგბურთში საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ახალ სანაკრებო ტურნირზე - ATP Cup-ზე -ჯგუფური ეტაპი მოგებით დაასრულა. ავსტრალიაში მიმდინარე შეჯიბრებაზე ქართველი ჩოგბურთელები, ესპანეთსა და იაპონიასთან განცდილი მარცხების შემდეგ, დღეს ურუგვაის დაუპირისპირდნენ და ინდივიდუალურ შეხვედრებშივე გადაწყვიტეს შეხვედრის ბედი.
პირველ მატჩში ალექსანდრე მეტრეველმა ფრანკო რონკადელის ორ სეტში მხოლოდ სამი ქულა დაუთმო - 6:2 6:1. შემდეგ კორტზე ნიკოლოზ ბასილაშვილი და პაბლო კუევასი გავიდნენ. სამსეტიანი დაძაბული ბრძოლა ორი საათი და ათი წუთი გაგრძელდა. პირველი სეტი ბასილაშვილმა 6:4 მოიგო, მეორეში 1:6 დამარცხდა, ხოლო გადამწყვეტ სეტში ისევ 6:4 აჯობა ძლიერ მეტოქეს.
წყვილთა თამაშში უფრო ძლიერები სამხრეთამერიკელები აღმოჩნდნენ - პაბლო კუევასმა და არიელ ბეჰარმა ალექსანდრე მეტრეველსა და ალრქსანდრე ბაკშის დუეტს მოუგეს (6:2 6:2) და საერთო დაპირისპირებაში პრესტიჟის ქულა აიღეს (1:2).
საქართველოს ნაკრებმა ურუგვაის ძლევით ჯგუფში ბოლოსწინა - მესამე ადგილი - დაიკავა.