დევნილები ზუგდიდში საკანალიზაციო ქსელის შეკეთებას ითხოვენ
ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე მდებარე დასახლებაში, საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობის გამო ეზოს ნაწილი დაიტბორა. აქ მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ მძაფრი სუნის გამო ფანჯრებსა და კარებს ვერ აღებენ. მათივე განმარტებით, არის ბავშვების მოწამვლის საფრთხე, რადგან ისინი ეზოში ხშირად თამაშობენ.
აფხაზეთიდან დევნილი ინეზა ფარულავას თქმით, უკვე ოთხი წელია, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრობლემა ვერ მოაგვარა. მისი სიტყვებით, მერიას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს. ამბობს, რომ ბოლო წერილით, რომელსაც ლაღიძის ქუჩის 80 მცხოვრები აწერს ხელს, თვითმმართველობას მან, დაახლოებით, ერთი თვის წინ მიმართა.
როგორც დევნილები ამბობენ, შესაცვლელია დარღვევით გაკეთებული საკანალიზაციო სისტემა, მერია კი ეტაპობრივად მხოლოდ ჭის ამოწმენდით იფარგლება, რაც პრობლემას მხოლოდ რამდენიმე დღით აგვარებს.
დასახლების მცხოვრებლებს დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დახმარების პირობა კიდევ ერთხელ მისცეს. ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ასევე მერიის მაღალი თანამდებობის პირები.
მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავას განცხადებით, მერია საკანალიზაციო ქსელის პრობლემური მონაკვეთის შეკეთებას გეგმავს.
„ეტყობა, თავის დროზე მოხდა არასწორად დაპროექტება. მერია ქმნის ახალ პროექტს. ხუთ დღეში გვექნება ახალი პროექტი. გამარტივებული წესით მოხდება მომსახურების შესყიდვა და რამდენიმე დღეში აღნიშნულ საკანალიზაციო მონაკვეთს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება“, - განაცხადა კონსტანტინე კაკავამ.
ლაღიძის ქუჩაზე, დევნილებს წყლის მიწოდებისა და კანალიზაციის პრობლემა არაერთხელ შეექმნათ.