მსოფლიო ლიდერები აშშ-სა და ირანს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდებენ
ოთხშაბათს დილით ირანის მიერ ერაყში აშშ-ის ბაზების წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს ფართოდ გამოეხმაურნენ მსოფლიოს ლიდერები.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაგმო ირანის „უპასუხისმგებლო და სახიფათო“ სარაკეტო იერიში და თეირანსა და ვაშინგტონს ვითარების „სასწრაფო დეესკალაციისკენ“ მოუწოდა.
საფრანგეთმა განაცხადა, რომ „დეესკალაცია პრიორიტეტია ისე, როგორც არასდროს. გერმანიამ კი ირანს მოუწოდა, შეაჩეროს კონფლიქტის „სპირალი“.
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელმა ჟოსეპ ბორელმა განაცხადა: „არავის ინტერესებში არაა ძალადობის სპირალის უფრო მეტად გაძლიერება.“
სტამბოლში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთისა და თურქეთის ლიდერებმა, ვლადიმირ პუტინმა და რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. „ერთმანეთზე თავდასხმები და რომელიმე მხარის მიერ ძალის გამოყენება ხელს არ უწყობს ახლო აღმოსავლეთის რთული პრობლემების გადაჭრისთვის გზების გამონახვას,“ ნათქვამია განცხადებაში.
ცალკე გაკეთებულ განცხადებაში ერდოანმა თქვა, რომ თურქეთს არ სურს, რეგიონი იქცეს „მარიონეტული ძალების ომის სცენად.“
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ 9 იანვარს ერაყში მიემგზავრება, რათა „დააწყნაროს გამწვავებული ვითარება“, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმრან ხანმა ასევე გაუსვა ხაზი, რომ აუცილებელია დაძაბულობის დეესკალაციისთვის საჭირო ნაბიჯების სწრაფად გადადგმა და თქვა, რომ ის საგარეო საქმეთა მინისტრს აგზავნის ირანში, საუდის არაბეთსა და აშშ-ში შეხვედრების გასამართად.
ერაყში გაეროს მისიის თქმით, „ქვეყანას არ უნდა მოუწიოს უცხოური ქიშპობისთვის საფასურის გადახდა.“
ამასობაში სირიის მთავრობამ სოლიდარობა გამოუხატა ირანს და განაცხადა, რომ თეირანს აქვს უფლება, თავი დაიცვას „ამერიკის მუქარისა და თავდასხმებისგან“.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, 8 იანვრის დილით, ირანმა 15 ბალისტიკური რაკეტა ესროლა ერაყში განლაგებულ იმ სამხედრო ობიექტებს, რომლებზეც აშშ-ის სარდლობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის სამხედროები იმყოფებიან.
აშშ-მა დაადასტურა სარაკეტო იერიში და განაცხადა, რომ არავინ დაშავებულა.