ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 969 ადამიანი დაიღუპა
ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 969 ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყნისთვის ეპიდემიის დაწყებიდან ერთ დღეში გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ცნობისათვის, გამოვლინდა ინფიცირების 5 909 ახალი შემთხვევა.
ჯამში ქვეყანას 86 498 ინფიცირებული, 9 134 გარდაცვლილი და 10 950 გამოჯანმრთელებული ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ იტალია 10 მარტიდან მთლიანად კარანტინის ზონად არის გამოცხადებული. 21 მარტიდან, ლომბარდიაში, იტალიის კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონში, ჩაკეტვის ზომების გატარების უზრუნველყოფაში სამხედროებიც ჩაერთვნენ.
იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ზე მეტს სხვა დაავადება სჭირდა. ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79.5 წელია, ინფიცირებულთა – 63 წელი. დაღუპულთა 75%-ზე მეტს მაღალი წნევა ჰქონდა, დაახლოებით 35%-ს – დიაბეტი, 1/3-ს კი, გულის დაავადება აწუხებდა.