აშშ საქართველოს 64 მილიონ დოლარს გამოუყოფს
„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ამერიკის მთავრობის დაფინანსებით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) იწყებს 64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას საქართველოს დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად”, - იტყობინება აშშ-ის საელჩო საქართველოში. განცხადების თანახმად, ეს დაფინანსება აშშ-საქართველოს შორის არსებული განვითარების ხელშეწყობის შეთანხმების ნაწილია.
USAID/Georgia-ს ინფორმაციით, „ამ კვირაში საქართველოს პარლამენტში მოხდა საქართველოს მთავრობასთან USAID-ის საგრანტო განხორციელების ხელშეკრულების ცვლილებების რატიფიცირება“.
განცხადების თანახმად, USAID ამაყობს საქართველოსთან პარტნიორობით, მხარს უჭერს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას; ხელს უწყობს საქართველოს თავი დაიცვას გარე საფრთხეებისგან.
დღემდე COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად და ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ USAID/Georgia-ის მეშვეობით საქართველოსთვის მთლიანობაში 1,7 მლნ დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.