“საქართველო ასე რატომ ნერვიულობს?”
უკრაინის რადას ფრაქცია „სლუგა ნაროდას“ თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს ხელისუფლებაში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შემთხვევაში, უკრაინაში საქართველოს ელჩის გამოწვევის შესახებ.
obozrevatel.com -თან ინტერვიუში არახამიამ განაცხადა, რომ ასეთი სცენარის შემთხვევაში, საქართველო უფრო დიდ პრობლემებს გადააწყდება, ვიდრე უკრაინა.
„საქართველო ასე რატომ ნერვიულობს? შესაძლებელი იყო სრულიად უბრალოდ მოეხდინათ რეაგირება. ვიღაცამ ვიღაც პირველ პირადაც კი არა, არც მეორე, არამედ ვიცე-პრემიერად წამოაყენა. მაშ რისთვის არის საჭირო ასეთი აგრესია? ძალიან საშიშია იმის ნახვა, როდესაც ჩვენი ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებაზე გვერდით მყოფი, გაცილებით მცირე ქვეყანა ასე რეაგირებს. თუკი ჩვენ გვექნება დიპლომატიური პრობლემები, საქართველოს უფრო ძლიერად ექნება ეს პრობლემები, ვიდრე ჩვენ. ეს ხომ აშშ არაა, რომელიც ამბობს: თქვენ გექნებათ დიპლომატიური პრობლემები“. ეს საქართველოა. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს“, – განაცხადა არახამიამ.
მანვე აღნიშნა, რომ თავად ქართველია და კარგად ესმის, როგორ აღიქმება სააკაშვილი ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის. „ეს არის უბრალოდ ზეწოლის მცდელობა. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო გვაქვს და ვერც ერთი ქვეყანა მსოფლიოში ვერ გვეტყვის, ვინ დავნიშნოთ ვიცე-პრემიერად და ვინ არა. აქ სრულიად არასწორი რიტორიკაა. ჩვენ ქართველებთან ვიპოვით საერთო ენას, ჩვენ ძმური ერები ვართ, ეს სტუმართმოყვარე ქვეყანაა“ , – განაცხადა არახამიამ.
მისივე თქმით, კარანტინამდე უკრაინა მეორე ადგილს იკავებდა ტურისტული ნაკადის თვალსაზრისით საქართველოში. ამიტომ, იმედოვნებს, რომ თბილისი არ ისურვებს დაკარგოს კლიენტების ეს სეგმენტი.