ცერცვაძე: ნუ გვექნება ილუზია, რომ აგრესიული ტესტირებით მოსახლეობის ნახევარს მაინც გამოვიკვლევთ
რაც უფრო მეტი ადამიანია გატესტილი, რა თქმა უნდა უკეთესია, მაგრამ ნუ გვექნება ილუზია, რომ მთელ მოსახლეობას ან მის ნახევარს გამოვიკვლევთ, - ამის შესახებ განაცხადა შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა ლევან რატიანმა. მისი თქმით, ქვეყნებში, სადაც აგრესიული ტესტირება ტარდება, მოსახლეობის 8-10 პროცენტია გამოკვლეული:
„მინდა ვთქვა, რომ იმ ქვეყნებშიც, სადაც ე.წ. აგრესიული ტესტირება ტარდება, და ამ მხრივ მოწინავეები არიან გერმანია, სამხრეთ კორეა და ზოგიერთი ქვეყნები, ეს ჩატარდა მოსახლეობის მცირე ნაწილში.
იმ ქვეყნებში, სადაც აგრესიული ტესტირება ტარდება, მოსახლეობის 8-10%-ია სულ გამოკვლეული. ის, რომ შეიძლება მოსახლეობაში იყოს გამოუვლენელი შემთხვევები, ეს მაინც დარჩება...
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 5 წელია მიმდინარეობს ეს აგრესიული ტესტირება C ჰეპატიტზე, მოსახლეობის ნახევარზე მეტია მხოლოდ გამოკვლეული ჯერ და არა მთელი მოსახლეობა და კოვიდზე აგრესიული ტესტირებით ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ ჩვენ მთელ მოსახლეობას გამოვიკვლევთ ან მოსახლეობის ნახევარს. გერმანიამ ვერ გამოიკვლია 10%-ზე მეტი“, - უთხრა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.
25 აპრილს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ის წინააღმდეგ მომუშავე ექიმების პირველი შეკრება გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა კლინიკის ინფექციონისტები, რეანიმატოლოგები და სხვა შესაბამისი პროფილის ექიმები.
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობამ 25 აპრილის საღამოსთვის 139 შეადგინა. კოვიდ-19-ით ინფიცირება დადასტურებული აქვს 456 ადამიანს, გარდაცვლილია 5.