რატიანი: ვიღაცებს ეგონათ, რომ ექიმები განცალკევებულები ვიყავით, არა, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ!
თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თანახმად, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მისი ინიციატივით ექიმების შეკრების მიზანი მკურნალობის ერთიან სქემაზე შეთანხმება იყო:
„ექიმები ჩვენ ყველა ერთი დიდი ოჯახი ვართ, აქედან გამომდინარე, ინტერნეტსივრციდან გადმოვედით სამუშაო სივრცეში. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს ხალხს, იმ ადამიანებს, ვისაც სჭირდებათ ჩვენი დახმარება, ერთიანი სქემით ვუმკურნალოთ.
დღევანდელი შეკრების მიზანი სწორედ გახლდათ ჩემი ინიციატივა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინიციატივა, რომ ქვეყნის ექიმები, რატომღაც ვიღაცებს რომ ეგონათ, რომ ვიყავით განცალკევებულები, არა, ბატონო, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და თქვენს სამსახურში გვიგულეთ, სანამ ეს ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
რაც შეეხება მკურნალობის სქემას, ლევან რატიანი ამბობს, რომ არსებული სქემა ამართლებს, თუმცა, თუ FDI - აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია პლაქვენილის პროტოკოლიდან ამოღების გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს სქემაც შეიცვლება:
„ძალიან კარგად ვიცით ქართველმა ექიმებმა პლაქვენილის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე, ამ ეტაპამდე ჩვენს კლინიკაში პლაქვენილის გართულებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, - აღნიშნა ლევან რატიანმა. მისი თქმით, ეს არის ჩვენებით გამოსაყენებელი პრეპარატი, რომლის გამოყენება არ შეიძლება ამბულატორიულ პირობებში და მსუბუქ და საშუალო სიმძიმის პაციენტებთან.
„კრიტიკულ პაციენტებში, რა თქმა უნდა, ვიყენებთ“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
25 აპრილს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ის წინააღმდეგ მომუშავე ექიმების პირველი შეკრება გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა კლინიკის ინფექციონისტები, რეანიმატოლოგები და სხვა შესაბამისი პროფილის ექიმები.
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობამ 25 აპრილის საღამოსთვის 139 შეადგინა. კოვიდ-19-ით ინფიცირება დადასტურებული აქვს 456 ადამიანს, გარდაცვლილია 5.