გამყრელიძე: "საბურთალოს კლასტერიდან" 20 პირის დიაგნოზი დაუზუსტებელია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. საბურთალოს კლასტერის ფარგლებში სულ 15 ინფიცირებულია გამოვლენილი, ხოლო ათობით პირი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.
„ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან საავადმყოფოებშია გადაყვანილი 15 ადამიანი, ხოლო 30 ადამიანი გადაყვანილია კარანტინში. ასევე „საბურთალოს კლასტერიდან“ 20 ადამიანი გადაყვანილია დამატებითი კვლევისთვის - მათ შემთხვევაში ჯერ დადგენილი არ არის დიაგნოზი... სულ 100 კონტაქტია გამოკვლეული ამ კლასტერიდან“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მან დააზუსტა, რომ „საბურთალოს კლასტერის“ თავდაპირველი წყარო არ მუშაობს NCDC-ში და როდესაც ის მას კოლეგას უწოდებს, ამაში არა სამუშაო ადგილი, არამედ სამედიცინო მუშაკი იგულისხმება - „ჩემი კოლეგაა, სამედიცინო მუშაკი სხვა დაწესებულებიდან, რომელსაც მე, რა თქმა უნდა, არ ვასახელებ და შესაბამისად მოხდა გავრცელება ინფექციის“.
ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან პირველი ორი შემთხვევა 28 მაისს გამოვლინდა, 29 მაისს მას კიდევ 9 შემთხვევა დაემატა, ხოლო 20 მაისს - 4. 30 მაისს ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ე.წ. საბურთალოს კლასტერი შედგება ერთი ოჯახის წევრებისა და ამ ოჯახთან ახლო კავშირში მყოფი პირებისგან.
არ დასტურდება ინფორმაცია საბურთალოზე მდებარე იმ საცხოვრებელი კორპუსის კარანტინში მოქცევის შესახებ, სადაც ინფიცირებულების დიდი ნაწილი ცხოვრობს. ხოლო რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას „საბურთალოს კლასტერის“ ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ თვითიზოლაციის წესების დარღვევის თაობაზე, გამყრელიძის თქმით, ეს დაუშვებელია - „თუ ადამიანი თვითიზოლაციაშია, მისი გარეთ გასვლა წარმოუდგენელია და ეს კონტროლდება და უნდა კონტროლდებოდეს“.
31 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ამირან გამყრელიძემ ასევე განმარტა, რომ - ზოგადად, შეზღუდვების მოხსნის პირობებში, თეორიულად მოსალოდნელია შემთხვევების მატება, მაგრამ ამ პრობლემასთან გამკლავება უსაფრთხოების ნორმების მკაცრად დაცვით იქნება შესაძლებელი.
31 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, 757 დადასტურებულ შემთხვევას 26 ახალი შემთხვევა დაემატა. შედეგად, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვობრივი მაჩვენებელი 783-ს გაუტოლდა. ახალი შემთხვევიდან 18 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში გამოვლინდა, 4 - იზოლაციაში მყოფი პირია, ხოლო კიდევ 4 - ე.წ. საბურთალოს კლასტერს წარმოადგენს.
საქართველოში განკურნებულთა მაჩვენებელი 5-ით გაიზარდა და ამჟამად 605-ს შეადგენს.