აშშ-ში კვლავ მატულობს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები
![აშშ-ში კვლავ მატულობს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები](https://gdb.rferl.org/8D795CC4-CE96-4443-AF67-AB5A46A396E5_w800_h450.jpg)
აშშ-ში უკვე მესამე დღეა კორონავირუსით ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა 50,000-ს გადააჭარბა.
3 ივლისს გავრცელებული ეს მონაცემები ემთხვევა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ დასვენების დღეებს, როცა ამერიკელები, ტრადიციულად, მოგზაურობენ, ესწრებიან ღონისძიებებს, აწყობენ თავყრილობებს და სადილებს. წელს, კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გამო, ჯანდაცვის სფეროს მესვეურები მოქალაქეებს მოუწოდებენ სახლებში დარჩნენ. ბევრ შტატში შეჩერდა, ან უკან წაიღეს ეკონომიკის გახსნის ზომები.
50-ი შტატიდან, ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი 40-ში იზრდება. სულ მცირე 14 შტატში ყოველკვირეული მაჩვენებელი სარეკორდო სიმაღლეს აღწევს, ყველაზე მძიმე ვითარება სამხრეთის და დასავლეთის შტატებშია.
გლობალურად, კორონავირუსით ინფირიცების შემთხვევებმა 11 მილიონს გადააჭარბა, დაღუპულია 524,000 ადამიანი, რომელთა მეოთხედი აშშ-ზე მოდის. ქვეყნებს, სადაც ეპიდემია მძვინვარებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს "გაიღვიძონ" და რეალობას გაუსწორონ თვალი.
აშშ-სთან შედარებით, ევროპაში და აზიაში ქვეყნებმა გაატარეს ზომები, რომელთა შედეგად ვირუსი კონტროლს დაექვემდებარა და ეს სახელმწიფოები თანდათანობით თავიანთ ეკონომიკებს ხსნიან. 4 ივლისს ბრიტანეთში მარტის შემდეგ პირველად იხსნება პაბები, ისევე, როგორც რესტორნები, კინოთეატრები, მუზეუმები და სასტუმროები.