ირანი აცხადებს, რომ დაადგინა ბირთვულ ობიექტზე "ინციდენტის" მიზეზი, თუმცა მას არ ასაჯაროებს
![ირანი აცხადებს, რომ დაადგინა ბირთვულ ობიექტზე](https://gdb.rferl.org/0399e727-ec58-4ec8-812d-f3a0e6bfc93d_w800_h450.jpg)
ირანის უშიშროების წამყვანმა უწყებამ განაცხადა, რომ დადგენილია ქვეყნის ერთ-ერთ ბირთვულ ობიექტზე მომხდარი ინციდენტის მიზეზი, თუმცა, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, მას არ ასაჯაროებს.
2 ივლისის დილას ნათანზის ბირთვულ ობიექტზე დაზიანდა შენობა, როგორც ჩანს, აფეთქების ან ხანძრის გამო, რამაც გამოიწვია ვარაუდები შესაძლო საბოტაჟის შესახებ, რადგან ირანის ოფიციალურ პირებს უჭირდათ მომხდარის ახსნა.
ირანის ეროვნული უშიშროების უზენაესი საბჭოს პრესმდივანი 3 ივლისს აცხადებდა, რომ გამომძიებლებმა "სხვადასხვა ჰიპოთეზის" შესწავლის შემდეგ დაადგინეს ინციდენტის მიზეზი. "უსაფრთხოების გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ინციდენტის მიზეზი და ხასიათი სწორ დროს გამოცხადდება", - თქვა ქეივან ხოსრავიმ, სახელმწიფო მედიასაშუალება Press TV-ს თანახმად.
2 ივნისს ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ დაზიანებული ნაგებობა აღწერა როგორც მშენებარე "ინდუსტრიული ქოხი", რომელიც ნათანზის ობიექტის თავზე დგას. დაზიანებული ნაგებობა არ არის ნაწილი მიწის ქვეშ მოქმედი, უშუალოდ გამამდიდრებელი ობიექტისა, რომელსაც საჰაერო თავდასხმებისგან 7,6 მეტრის სიმაღლის ბეტონი იცავს.
მიდლბერის ინსტიტუტის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის კვლევების ჯეიმს მარტინის ცენტრის ამერიკელმა მკვლევრებმა სატელიტური მასალა გამოიყენეს და დაადგინეს, რომ დაზიანებულ ნაგებობაში ახალი ცენტრიფუგების აწყობაზე მუშაობდნენ.