თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურატურასთან აქციის გამართვას 30 აგვისტოს გეგმავს
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი კვირას, 30 აგვისტოს გენერალური პროკურატურის შენობასთან საპროტესო აქციის გამართვას აანონსებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განუცხადა, ისინი მოითხოვენ, რომ პროკურატურამ სუს-ის სამი ავტომობილის გადაადგილების ამსახველი სრული ჩანაწერი გაასაჯაროონ.
თეონა თამაზაშვილის თქმით, თუ საქმე არჩევნებამდე გამოძიებული არ იქნება, ის უფრო რადიკალურ ზომებს მიმართავს.
„ამდენი დამთხვევა ხომ არ არსებობს ბუნებაში, რომ უბრალოდ, დაემთხვა და ავტომობილები სწორედ იმ ტერიტორიაზე შევიდნენ. თუმცა, შემდეგ სად წავიდენ და რა გაკეთეს, კაცმა არ იცის. სწორედ ეს უნდა დადგინდეს. ჩვენი მოთხოვნაა, გაირკვეს, რამდენ ხანში, როდის მოდიან ავტომობილები, არის თუ არა მოკლე გზა. შესაძლოა, სწორედ იმ მოკლე გზით გადავიდნენ და თამუნას დახვდნენ და კამერის ჩანაწერები სპეციალურად ისე ააწყვეს, თითქოს თამუნა მარტო მიდის თავის მოსაკლავად“, – განაცხადა თამაზაშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილის დედა შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, საქმის გამოძიება დააჩქარონ.