მინსკში სტუდენტური აქციის ათობით მონაწილე დააკავეს
მინსკში ათასზე მეტმა სტუდენტმა გაიარა მარშით ქალაქის ცენტრში, დამოუკიდებლობის გამზირზე. მათ გააპროტესტეს სამართალდამცავი ორგანოების ძალადობა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და მილიციის მიერ სტუდენტების დაკავება.
დემონსტრაციის შემდეგ ნიღბიანმა მილიციელებმა დაიწყეს აქციის მონაწილეთა დაკავება. ამის შესახებ Tut.by იტყობინება. დააკავეს ორ ათეულზე მეტი ადამიანი.
მინსკის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები აგვისტოს ბოლოდან გამოდიან საპროტესტო აქციებზე. ყველაზე მასშტაბური ასეთი გამოსვლა ჩატარდა 1 სექტემბერს, მასში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ძალოვანმა სტრუქტურებმა გამოსვლებს ძალის გამოყენებით დაკავებებით უპასუხეს. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, სტუდენტური საპროტესტო გამოსვლების ერთ დღეში დააკავეს 128 ადამიანი.