სომხეთის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა აზერბაიჯანის პარლამენტმაც
აზერბაიჯანის პარლამენტმა სპეციალურ სხდომაზე მიიღო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება ქვეყნის გარკვეულ ნაწილებში, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების გამო.
რამდენიმე ქალაქში, ბაქოს ჩათვლით, კომენდანტის საათი მოქმედებს.
მანამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა სომხეთში და მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, რომელსაც სომხური შეიარაღებული ფორმირებები აკონტროლებენ. სომხეთში ასევე გამოცხადებულია სამხედრო მობილიზაცია, აზერბაიჯანში ჯერჯერობით ასეთი ზომა არ ამოქმედებულა.
სომხეთი აზერბაიჯანის ძალებს სდებს ბრალს ცეცხლის გახსნაში მთიანი ყარაბაღის დასახლებებისთვის, ბაქო აცხადებს, რომ სომხეთის ძალებმა მიიტანეს იერიში აზერბაიჯანის სამხედრო და სამოქალაქო პოზიციებზე.
მსხვერპლის შესახებ ორივე მხარე იუწყება.
თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, არტურ სარგსიანმა განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით მათთან 16 ადამიანია დაღუპული.
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 27 სექტემბერს განაცხადა, რომ მისი მთავრობა განიხილავს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას სომხეთი სამხედრო დახმარებას უწევს, ოფიციალურად არც სომხეთს და არც რომელიმე სხვა ქვეყანას არ უღიარებია მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა.
სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები გამოვიდნენ საომარი სულისკვეთების სიტყვებით. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალების მიერ წარმოებულმა ოპერაციამ უნდა მოიტანოს "ოკუპაციისგან გათავისუფლება", ნიკოლ ფაშინიანმა კი აზერბაიჯანს დასდო ბრალი ომის დაწყებაში სომეხი ხალხის წინააღმდეგ და ხაზი გაუსვა, რომ ერევანი წარმოადგენს მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოების გარანტიას.