არჩევნების დღეს საოლქო საარჩევნო კომისიებში 289 საჩივარი შევიდა
არჩევნების დღეს საოლქო საარჩევნო კომისიებში დარღვევების შესახებ 289 საჩივარი შევიდა. აღნიშნული ინფორმაცია მედიას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ მიაწოდა.მისი ინფორმაციით, საჩივრების უმეტესობა პროცედურულ დარღვევებს შეეხება:
„საჩივრების უმეტესობა შეეხება ისეთ ხარვეზებს, როგორიცაა საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსება, მარკირებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა და სხვა“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20 საათზე დაიხურა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.
რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.