გიორგი ვაშაძე: სრული ქაოსია ეგზიტპოლების კუთხით, საარჩევნო უბნებზე დავიცვათ ჩვენი ხმები
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ 4 სხვადასხვა ეგზიტპოლის შედეგები ქვეყანაში არსებული აურზაურის დამადასტურებელი ფაქტია და ახლა მნიშვნელოვანია საარჩევნო უბნებზე ხმების დაცვა.
"დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით სხვა შედეგები იქნება საარჩევნო უბნებზე და ეს დღე კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ეგზიტპოლები უნდა ავკრძალოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა, ეს იყო მოთხოვნა. ეგზიტპოლებს ახლავს ინფორმაცია, რომ 50% მასში არ მონაწილეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული შედეგი იქნება. ჩვენც ველოდებით გაცილებით უკეთეს შედეგებს და ყველა ჩვენს მხარდამჭერს ვთხოვთ მაქსიმალურ მობილიზებას. დავიცვათ ხმები, დავიცვათ ის შედეგები, რაც ჩვენმა ძლიერმა საარჩევნო კამპანიამ მოგვიტანა" - თქვა გიორგი ვაშაძემ.
საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა 20:00 საათზე დასრულდა.
სხვადასხვა ეგზიტპოლის შედეგებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში სტრატეგია აღმაშენებლის მიერ მიღებული ხმები 2-დან 3%-მდეა. ამავე ეგზიტპოლების მიხედვით, ქართულ ოცნებას მხარი დაუჭირა 41%-დან 55%-მდე ამომრჩეველმა. მთავარი არხის ეგზიტპოლების მიხედვით, თბილისში არა ქართული ოცნება, არამედ გაერთიანებული ოპოზიცია იმარჯვებს.
ეგზიტპოლები ოთხმა ტელეკომპანიამ ჩაატარა:
„მთავარი არხის" ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ - 41%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 33%
რუსთავი 2-ის ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ - 52%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 25%
„იმედის“ ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ - 55.0 %, ნაციონალური მოძრაობა - 23,0%
„Edison Research“-ის ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ – 46%, 5 ოპოზიციური პარტია - 41%