სააკაშვილი: ჩვენ და სხვა ოპოზიციურმა ჯგუფებმა მოვიპოვეთ აბსოლუტური უმრავლესობა
„ჩვენ ხომ მოვაწერეთ ხელი, რომ ყველანი ვმოქმედებთ ივანიშვილის წინააღმდეგ. ვხსნი ჩემს საკითხს საერთოდ. მოვნახოთ კონსენსუსი და ფიგურები, მოვნახოთ ეროვნული ერთიანობის შეხების წერტილები“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი, საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით შესრულებული ეგზიტპოლების შედეგებს, რომლის თანახმადაც, ქართულმა ოცნებამ არჩევნებში ხმათა 41% მოიპოვა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 33%.
მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს მიმართა:
„ახლა ჩვენ ხალხი არ გვაპატიებს, რომ ის ერთობა და ის მანდატი, რომელიც მოგვცა ხელში, სათანადოდ არ გამოვიყენოთ. დავდგეთ ერთად, მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბოლომდე. ძალიან მიხარია თითოეული თქვენგანის წარმატება და ჩვენი ამოცანაა ახლა უკვე საქართველოს წარმატება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა ჯგუფებმა საქართველოში მოიპოვეს აბსოლუტური უმრავლესობა საპარლამენტო არჩევნების შედეგად და ეს არის წყალგაუმტარი ფაქტი, დანარჩენი ყველაფერი ლირიკაა. ახლა უკვე დავთვალოთ ხმები კარგად, ეჭვი მაქვს, რომ ჩვენი ხმები კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ეგზიტპოლების ამბობს“.
საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა 20:00 საათზე დასრულდა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.
რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.